COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გარშემო განვითარებულ მრავალ შეთქმულების თეორიას შორის, ვაქცინების სპერმაზე გავლენასთან დაკავშირებულმა მითებმა ბევრ მამაკაცს გადააფიქრებინა ვაქცინაცია მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყოველდღიურად მკვეთრად იზრდება კორონავირუსით როგორც ინფიცირების, ასევე გარდაცვალების შემთხვევები.
საბედნიეროდ, არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ნეგატიურ გავლენას ახდენს მამაკაცების შვილოსნობის უნარზე. შესაბამისად, აღნიშნული მოსაზრება წარმოადგენს მითს.
2021 წლის ივნისში, მაიამის უნივერსიტეტის მილერის სამედიცინო სკოლის მიერ ჩატარდა კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 18-დან 35 წლამდე 45-მა ჯანმრთელმა მამაკაცმა. კვლევის ფარგლებში შეფასდა სპერმის რაოდენობა, სპერმის მოძრაობა, სპერმის კონცენტრაცია და სპერმის მოცულობა Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინების პირველი დოზის მიღებამდე და მეორე დოზის მიღებიდან 70 დღის შემდეგ. კვლევის შედეგების თანახმად, აღნიშნულმა mRNA ვაქცინებმა არავითარი ნეგატიური გავლენა არ იქონია სპერმის ხარისხსა და ზემოხსენებულ მონაცემებზე.
იგივე შედეგი იქნა მიღებული ისრაელში ჩატარებული კვლევით, რომელიც განახორციელა ჰადასაჰის სამედიცინო ცენტრის ექიმმა მირიამ საფრაიმ. კვლევამ შეაფასა Pfizer-ის გავლენა მამაკაცთა სპერმაზე და დადგინდა, რომ ვაქცინამ არანაირი ცვლილება არ გამოიწვია როგორც სპერმის რაოდენობასთან, ასევე მის ხარისხთან მიმართებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ხელმისაწვდომია Pfizer, Sinopharm, Sinovac და AstraZeneca ვაქცინები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებენ ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკს.
ვაქცინებზე რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://booking.moh.gov.ge/